თბილისში კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ იმართება
26 ივნისი 2019სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
,,ორი დღის განმავლობაში საქართველოში იმართება კონფერენცია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის, სწორი დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და განსახლების სწორ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია დღეს როგორც სახელმწიფოს ერთიან ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. ინტერაქციის რეჟიმში შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბარი, რომლებიც რეალურად გააჩნიათ სივრცითი და რეგიონული დაგეგმარებიდან გამომდინარე“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ორდღიან ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინტერაქტიური დისკუსია წარიმართა თემებზე: შესრულების რომელი ძირითადი ინდიკატორები შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმების და სტრატეგიების შესამუშავებლად, რომელი ძირითადი ინდიკატორები შეესაბამებიან მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებს და სტრატეგიებს და როგორ ასახავენ შესრულების ძირითადი ინდიკატორები ურბანული განვითარების გამოწვევებს ადგილზე.
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში, რომელიც მოიცავს 11 მიზანსა და 169 ამოცანას.
მიზნები, შესაბამისი ამოცანებით იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივ დაცვას, ასევე, პირობების შექმნას მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა.
ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამა (UN HABITAT) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივას“ ორგანიზებით იმართება.